იმპორტირებული პომიდორი საქართველოში სულ მცირე 200%-იანი ფასნამატით იყიდება. ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში 3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დაახლოებით 7 500 ტონა პომიდორი შემოვიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანამ დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარის 4 ათას ტონაზე ცოტა მეტი პომიდორი იყიდა. ისევ ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანა პომიდორს ძირითადად თურქეთში ყიდულობს. ძალიან მცირე რაოდნობით შემოდის ეს ბახჩეული ირანიდან, ეგვიპტედან და სირიიდან.
გამოდის, რომ მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საქართველომ 1 კგ. პომიდორი საშუალოდ 43 ცენტად შემოიტანა, რაც ამავე პერიოდში არსებული კურსით ლარი-1.10 თეთრის ფარგლებში მერყეობდა. და ეს იმ ფონზე, როცა თურქეთში თითქმის 50%-იანი ინფლაციაა და სამომხმარებლო ფასები რეკორდულად არის გაზრდილილი. ყველა ლოჯისტიკური და საგადასახადო ხარჯების გათვალისწინებით, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პომიდორი მაინც მაღალი ფასნამატით იყიდება და კილოგრამის შემთხვევაში მინიმუმ 200%-ს შეადგენს.
ადგილობრივ ბაზარზე პომიდვრის ფასი მისი ხარისხისა და სახეობების მიხედვით განისაზღვრება და ამ ეტაპისთვის საშუალოდ 3-დან 6 ლარამდე მერყეობს კილოგრამზე. ყველაზე ძვირი ადგილობრივ სათბურებში მოყვანილი პომიდორია, რომელიც იმპორტირებულთან შედარებით უკეთესი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, თუმცა ფასით კონკურენციას ვერ უწევს. ამიტომაც, ბაზარზე ძირითადად იმპორტირებული პომიდორი იყიდება, რომელიც როგორც უკვე გითხარით, მინიმუმ 200%-იანი ფასნამატით იყიდება.