ხაჭაპურის ინდექსი, რომლის შთაგონების წყაროც "ეკონომისტის" ბიგმაკის ინდექსია, გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი სტანდარტული ხაჭაპურის მომზადების ფასი გაძვირდა და 5 ლარი და 99 თეთრი შეადგინა. ეს კი 1.4%-ით მეტია 2022 წლის აპრილის მაჩვენებელზე, თუმცა თვის ჭრილში, 2023 წლის მარტთან შედარებით, ერთი ხაჭაპურის ღირებულება 8%-ით შემცირდა კიდეც.
კვლევითი ინსტიტუტი „აისეტი“ წერს, რომ წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა ხაჭაპურის მოსამზადებლად საჭირო ისეთი ინგრედიენტები, როგორიც არის რძე, საფუარი, კარაქი და კვერცხი. ფქვილის ფასი შედარებით მცირედით 1.5%-ით არის გაზრდილი, ხოლო რაც შეეხება ხაჭაპურის ერთ-ერთი მთავარ ინგრედიენტს ყველს, 2022 წლის აპრილთან შედარებით, მისი ფასი უმნიშვნელოდ, 1.6%-ით შემცირდა.
ხაჭაპურის ინდექსის შემცირება მიყვება ნედლი რძის წარმოების სეზონურ ტენდენციას, რომელიც პიკს ივნისი-ივლისში აღწევს. გარდა ამისა, დოლართან მიმართებით ლარის გამყარებაც იმპორტირებული ინგრედიენტების ფასებს ამცირებს.