რუსეთი უპასუხებს კრემლზე უკრაინის თავდასხმის მცდელობას, როცა საჭიროდ ჩათვლის, - ამის შესახებ რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა
„როგორ მოიქცეოდნენ ამერიკელები, თეთრ სახლს, კაპიტოლიუმს ან პენტაგონს რომ დრონი დასჯახებოდა? პასუხი აშკარაა როგორც ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, ასევე მოქალაქისთვის: სასჯელი იქნება მკაცრი და გარდაუვალი. რუსეთი უპასუხებს ამ თავხედურ ტერორისტულ თავდასხმას. ვუპასუხებთ, როცა საჭიროდ ჩავთვლით“, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, აღნიშნულ „ტერორისტულ აქტზე“ აშშ-ის ხელისუფლების განცხადებები ცინიკური და აბსურდულია.
„აშშ-მა ვერ შეძლო იმის აღიარება, რაც აშკარა იყო - ეს იყო ზელენსკის რეჟიმის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი და მკვლელობის მცდელობა, რომლის სამიზნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო“, - განაცხადა ანტონოვმა.
მისი მტკიცებით, განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს იყო „ცრუ დროშის“ ოპერაცია, მკრეხელურია.
ცნობისათვის, კრემლის განცხადებით, რუსეთმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა, რომელიც უკრაინის მიერ იყო დაგეგმილი. „ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. მათი მტკიცებით, თავდასხმისთვის ორი დრონი გამოიყენეს, თუმცა რუსეთის თავდაცვის ძალებმა მათი მწყობრიდან გამოყვანა მოახერხეს.