ქალაქ ახალციხეში ცალკეული უბნებისა და მიმდებარე სოფლების (მინაძე, ჭაჭარაქი, ივლიტა) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განვითარება, ხოლო „აბის დასახლების" წყალარინების სისტემის პროექტირება-მშენებლობის“ პროექტი ხორციელდება. პროექტის განმახორციელებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილესთან, აკაკი მშვიდობაძესთან, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან და ახალციხის მერთან, ირაკლი ლაზარიშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მოწყობა და მოსახლეობის გამრიცხველიანება.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 10% უკვე შესრულებულია. პროექტი 2024 წელს დასრულდება, რის შედეგადაც, 11 400-მდე ბენეფიციარი 24- საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
მათივე განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით არაერთი პროექტი მიმდინარეობს. გარდა დასრულებული და მიმდინარე პროექტებისა, კომპანიას სამშენებლო სამუშაოები კიდევ რვა პროექტის ფარგლებში აქვს დაგეგმილი, რომლის დაწყებაც 2023 წელს იგეგმება და ეტაპობრივად, 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 350 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს. ფიზიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.