საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები მკვეთრად ეცემა. ერთკვირიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 3.5%-ითაა შემცირებული და ამჟამად Brent-ის ღირებულება 75 დოლარს შეადგენს; ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი კი 72 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მკვეთრად ეცემა რუსული ნავთობის ფასიც. ბარელი ურალის ფასი 58 დოლარს შეადგენს, რაც ერთ თვეში 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ერთწლიან პერიოდში კი რუსული ნავთობი ბირჟაზე 25%-ითაა გაიაფებული. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით გაზი 74%-ითაა გაიაფებული.
ბირჟაზე არსებული ტენდენცია რიგი ეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული, პირველ რიგში, ამერიკაში საწარმოო ინდექსის მოცულობა მკვეთრად დაეცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის ეკონომიკა კრიტიკულ ნიშნულამდე ნელდება და შესაძლოა, ის რეცესიაშიც გადავიდეს.
გარდა ამისა, სწორედ დღეს ფედერალურმა რეზერვმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით გაიზრდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ FED-ი ამით გაჩერდეს და მომდევნო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მიიღოს განაკვეთის გამკაცრების გადაწყვეტილება, რაც, რა თქმა უნდა, რეცესიულ რისკებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.