ავტომობილის გამონაბოლქვზე ჯარიმები დაწესდა. საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გადამეტებისთვის ადმინისტრაციულ ჯარიმას გულისხმობს 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
კანონის პროექტის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს. პირველი ეტაპისთვის დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს განახორციელებს თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.