პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ევროპის ტურნირს შეიძლება თბილისმა უმასპინძლოს.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებას (UWW) ოფიციალური განაცხადით რამდენიმე თვის წინ მიმართა. ამ დღეებში კი საქართველოს დედაქალაქს ესტუმრა მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი კარლ-მარტინ დიტმანი. ვიზიტის მიზანი, სალიცენზიო ტურნირის მასპინძლობის მსურველი არენისა და სასტუმროების დათვალიერება იყო.
UWW-ის წარმომადგენელი თბილისის გარდა, კიდევ ოთხ კანდიდატ ქალაქში: რომში, ვარშავაში, სკოპიესა და ბაქოში ჩავა. შემდეგ კი, სპეციალურ კომისიასთან ერთად, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ოლიმპიური თამაშების ევროპის სალიცენზიო ტურნირი 2024 წლის 4-7 აპრილს გაიმართება და პარიზი-2024-ის საგზურებს ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში, ექვს-ექვსი ოლიმპიური წონითი კატეგორიის ფინალისტები მიიღებენ.