„ვფიქრობ შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15-დან 50%-მდე გავზარდოთ," - ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზუსტად ერთი წლის წინ, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას გააკეთა. მაშინ ოთარ შამუგია, სულ რამდენიმე თვის მოსული იყო თანამდებობაზე და ბევრი კრიტიკა მოჰყვა მის ამ ამბიციურ განცხადებას და დაიწყო მსჯელობა იმაზე თუ რამდენად შესაძლებელი იყო რეალურად სათესი ფართობების 3,5-ჯერ გაზრდა და ასევე მოსავლიანობის ზრდა 2,2 ტონიდან 7 ტონამდე.
მინისტრის ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა და დღეს ხორბლის ადგილოლბრივი მწარმოებლები არა თუ მოსავლიანობის ზრდაზე ფიქრობენ, არამედ რაც მოჰყავთ იმასაც ვერ ყიდიან. ეს კი წინაპირობაა იმისა, რომ ქვეყანაში მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდეს.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, კომპანია "შირაქის" დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე