საინტერესო მონაცემებია ქვეყანაში მარწყვის იმპორტთან დაკავშირებითაც და წლის პირველ კვარტალში 3,4-ჯერ გაიზარდა. ამ კენკროვანი კულტურის მოყვარულები და მომხმარებლები დამეთანხმებია, რომ წელს მარწყვის სეზონი გაცილებით ადრე დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, თითქმის მთლიანად იმპორტის ხარჯზე. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში 269 ათასი დოლარის ღირებულების 997 ტონა მარწყვი შემოვიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანამ 95 ათასი დოლარის ღირებულების 295 ტონა ეს კენკროვანი კულტურა იყიდა.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მარწყვის ერთადერთი იმპორტიორი საქართველოში წელს თურქეთია, სადაც 1 კგ პროდუქტი საქართველომ საშუალოდ 27 ცენტად შეიძინა. საქართველოში კი მისი ფასი კილოგრამზე, საცალო ბაზარს ვგულისხმობ, 6-დან 8 ლარამდე მერყეობს. ანუ გამოდის, რომ თურქული მარწყვი საქართველოში თითქმის 1000%-იანი ფასნამატით იყიდება.
როგორც წესი, საქართველოში მარწყვის წარმოების პიკი მაისსა და ივნისშია, რის შემდეგაც ადგილობრივი მიწოდება სწრაფად იკლებს. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2016-2017 წლებში საქართველოში 5300 ტონა მარწყვი იწარმოებოდა, ხოლო მომდევნო 4 წელიწადში (2018-2021) მთლიანმა მოცულობამ მხოლოდ 5 ათასი ტონა შეადგინა. ასეთ ფონზე ცხადია, იზრდება იმპორტი. იმპორტის ზრდა კი დაკავშირებულია როგორც ადგილობრივი წარმოების შემცირებასთან, ასევე ჰორეკა სექტორის და სუპერმარკეტების ქსელების ზრდასთან.აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი სათბურები იაფ იმპორტს დღემდე კონკურენციას ვერ უწევენ.