სუდანის დედაქალაქ ხართუმში საჰაერო თავდასხმები განხორციელდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არმიამ განაცხადა, რომ დედაქალაქს გასამხედროებული მეტოქის, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ (RSF) განდევნის მიზნით დაარტყა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტს 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, დაღუპულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, ბევრად მეტია. ხართუმში მილიონობით ადამიანია ჩარჩენილი.
სუდანში შეიარაღებული არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მესამე კვირაა მიმდინარეობს. არმიის მეთაური, გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელი, გენერალი მოჰამედ ჰამდან დაგალო ძალაუფლებისთვის იბრძვიან და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ არმიაში შეყვანის გეგმებზე ვერ თანხმდებიან.
გენერლები მეზობელი ქვეყნების, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გაერო-ს ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად ჰუმანიტარული მიზნით 72-საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. გუშინ კი განაცხადეს, რომ ზავი კიდევ 3 დღით გახანგრძლივდებოდა.