საქართველოში ძაღლის ყოლისთვის შესაძლოა, სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლოა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს. თუმცა ამ ეტაპზე კანონპროექტში მოსაკრებლის დაწესების დამატება სამსჯელო საკითხს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მუშაობს, რომლის განხილვების დაწყებაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში იგეგმება. კანონპროექტი გულისხმობს მათ შორის, რომ სავალდებულო გახდეს ყველა ძაღლის ჩიპირება, ყველა ძაღლის იდენტიფიცირება.
რაც შეეხება მოსაკრებლის საკითხს, კანონპროექტის საბოლოო ვერსიის შემუშავებამდე მსჯელობის პროცესში შეთავაზებულია მოსაკრებლის სავარაუდო ოდენობაც. თუ კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება სპეციალური გადასახადის დაწესება, ამ შემთხვევაში 1-ლი ძაღლის ყოლისთვის მოქალაქეებს 20 ლარის ოდენობის მოსაკრებლის, მეორე ძაღლის შემთხვევაში 200-ს, ხოლო ყველა მომდევნოზე 100 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ.
ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება მომეტებული რისკის ძაღლის ჯიშებიც, რომელთა ყოლაზეც მოსაკრებელი შედარებით მაღალი იქნება. კერძოდ, 1-ელ მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის ყოლაზე იქნება 200 ლარი, მეორეზე - 2 000 და ყველა მომდევნოზე 1 000-1 000 ლარით მეტი.
წყარო: BPN.GE