რენატა ბეგიაშვილის მამა ზურა ბეგიაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული შალვა იაშვილის მხრიდან აგრესია არ დაუნახავს.
როგორც ის განმარტავს, კონფლიქტს არ შესწრებია და დეტალებიც მისი შვილის მეგობრებისგან იცის.
„მე იქ არ ვყოფილვარ, მისი მეგობრებისგან ვიცი, რომ მთელი დღე ერთად იყვნენ, სულ ყველას დაულევია, რენატა საკმაოდ დამთვრალა. როგორც მეგობრები ამბობენ, რენატას მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა თუ რაღაც ეგეთი, მერე როგორც ვიცი, შალვამ ფეხსაცმელი ესროლა, თუ რაღაც. რენატას ვესაუბრე, ზუსტად არ ახსოვს არაფერი.
ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ, 12 წელია ერთად არიან, მაგრამ ერთად არ უცხოვრიათ, რენატა ჩემთან ცხოვრობს, ბავშვიც ჩემთან არის, მათ კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით, მე არ მინახავს, არ შევსწრებივარ. რენატას სახეზე ან ტანზე დაზიანება არ მინახავს. შაკოს 12 წელია, ვიცნობ, ბავშვი 8 წლისაა, არ მახსოვს, სანდრას მამაზე ეთქვას, რომ ხმამაღალი სიტყვა უთხრა, ჩემი ურთიერთობიდან გამომდინარეც, შაკოსგან არც აგრესია დამინახავს და არც სხვა რამე“, - განაცხადა ბეგიაშვილმა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა, რენატას შემაკავებელი ორდერი ოჯახის წევრების მიმართ გამოწერილი, მამა ასე პასუხობს:
„მე არ მახსოვს, შეიძლება წასული ვიყავი, ბებიასთან აქვს ხოლმე კონფლიქტი, შემაკავებელი ორდერი რაზე დაუწერეს, არ ვიცი, ხელით შეხება საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა ბეგიაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ მეუღლის - რენატა ბეგიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შალვა იაშვილს ბრალდება წარუდგინა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იაშვილმა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას მიაყენა დაზიანებები.