ლიუკ ბესონმა, რომელიც თანამედროვე კინოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ რეჟისორად და პროდიუსერად ითვლება, არა მხოლოდ სხვადასხვა ჟანრის 152 ფილმი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, არამედ სრულიად ახლებურად და განსხვავებულად წარუდგინა სამყაროს ფრანგული კინო.
* * *
მომავალი რეჟისორი დაივერების ოჯახში დაიბადა, რომლებიც ინსტრუქტორებად მუშაობდნენ Club Med-ის კომპანიაში და ადრეული ასაკიდანვე ამზადებდნენ ლიუკს ოჯახური ბიზნესისთვის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბესონმა მთელი ბავშვობა ბერძნულ სანაპიროზე გაატარა, სადაც გატაცებით ყვინთავდა და იღებდა წყალქვეშა სამყაროს.
მართალია, მოზარდი ლიუკი საზღვაო ბიოლოგობასა და დელფინების შესწავლაზე ოცნებობდა, მაგრამ მორიგი დაძირვისას, წნევის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, როცა ბეწვზე გადაურჩა მხედველობის დაკარგვას, ექიმებმა სამუდამოდ აუკრძალეს წყალქვეშ ყვინთვა. იმედგაცრუებული ბესონი პარიზში გადაბარგდა და 18 წლის ასაკში პირველად ეწვია კინოთეატრს. კინოს ჯადოსნური სამყაროთი მოხიბლულმა ახალგაზრდამ 100-მდე ფილმი ნახა ერთ თვეში, მერე კი, ახალბედა რეჟისორები მოიძია და არა მხოლოდ კურიერად მუშაობას დათანხმდა, არამედ სტატისტის როლშიც მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები.
ერთი წლის შემდეგ ბესონმა ჰოლივუდის შტურმით აღება სცადა, თუმცა მწირმა გამოცდილებამ არ მისცა გიგანტურ კინოინდუსტრიაში საკუთარი ადგილის დამკვიდრების საშუალება და მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნებულმა ჯერ რეჟისორის ასისტენტად იმუშავა, მერე თავად სცადა მუსიკალური კლიპების გადაღება.
* * *
ბესონის დამოუკიდებელი კინოდებიუტი 1981 წელს შედგა მოკლემეტრაჟიანი შავ-თეთრი ფილმით „ბოლოს წინა“, რომელიც ჟან რენოსთან თანამშრომლობით შექმნილ პირველ ნამუშევრად იქცა.
აღსანიშნავია, რომ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი - პოსტაპოკალიპტური დრამა „უკანასკნელი ბრძოლა“, რომელშიც ისევ რენომ შეასრულა მკვლელის როლი, ბესონმა სწორედ სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმის დამუშავებული სცენარით გადაიღო და სერიოზული ფინანსური სირთულეების მიუხედავად, მაინც შეძლო კრიტიკოსების მოწონებასთან ერთად „სეზარის“ ნომინაციის მოპოვება საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში.
„მეტრო“ (Subway)
მოულოდნელი წარმატება მოუტანა რეჟისორს კომედიამ „მიწისქვეშეთი“, რომელსაც კრიტიკოსები ბესონის კლასიკური კინოხელწერის ერთგვარ წინამორბედად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ ფილმი, რომელიც 1986 წელს ყველაზე პოპულარულ კომედიად იქცა საფრანგეთში, პარიზის მეტროპოლიტენის 20-მდე სადგურში და სულ რაღაც 5 კვირაში დაიდგა, მთავარი როლები კი, იზაბელ აჯანიმ და კრისტოფერ ლამბერმა შეასრულეს.
„ცისფერი უფსკრული“ (Le Grand Bleu)
ზღვის სანაპიროზე გატარებულ ბავშვობას მიეძღვნა სათავგადასავლო დრამა „ცისფერი უფსკრული“, რომელმაც მართალია, აღიარება და პირველი სოლიდური შემოსავალი მოუტანა რეჟისორს, მაგრამ კანის კინოფესტივალზე წარდგენილს სტვენით შეხვდა მაყურებელი.
აღსანიშნავია, რომ ბესონმა, რომელმაც დაივერის ეპიზოდური როლი შეასრულა და პრაქტიკულად საკუთარი თავი განასახიერა ფილმში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ გაბედა წყალში ჩაყვინთვა. მეტიც, სწორედ მის მიერ გადაღებული მასალის დიდი ნაწილი მოხვდა არაკომერციულ პროექტში - დოკუმენეტურ ფილმში „ატლანტისში“, რომლითაც ერთგვარად დაემშვიდობა იდუმალებით მოცულ წყალქვეშა სამყაროს.
„ნიკიტა“ (Nikita)
მართალია, რთული აღმოჩნდა ფილმის გადაღება, რადგან რეჟისორმა ჯერ მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხი მოიტეხა, მერე კი, პირველ მეუღლეს ანნ პარიოს გაშორდა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში, მაგრამ მსხვერპლმა გაამართლა - „ნიკიტამ“ არნახული პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში და გრანდიოზული საკასო წარმატება აღინიშნა, ბესონმა კი, საკულტოს სტატუსი შეიძინა.
„ლეონი“ (Léon)
სტატუსი და ფინანსური სტაბილურობა ბესონმა 1994 წელს გაიმყარა კრიმინალურ დრამით „ლეონით“, რომელიც ჟან რენოსა და განსაკუთრებით დებიუტანტი ნატალი პორტმანისთვისაც აღმოჩნდა იღბლიანი.
აღსანიშნავია, რომ „ლეონის“ პირვანდელი სცენარი ბევრად პესიმისტური და პროვოკაციული იყო არასრულწლოვანი გოგონასა და დაქირავებული მკვლელის ინტიმური სცენის გამო, რამაც პროდიუსერის პატრის ლედუს მოთხოვნით ბესონს სერიოზული ცვლილებების შეტანა და 20-წუთიანი მასალის ამოღება აიძულა. რეჟისორმა მაქსიმალურად შეარბილა ფილმში მოთხრობილი ისტორია და აქცენტი არა შურისძიებაზე, არამედ მთავარი პერსონაჟების რომანტიკულ ურთიერთობაზე გადაიტანა. მართალია, თავად ბესონომა ნაკლებად მოიწონა ცვლილებები, მაგრამ ფილმმა შემცირებული ვერსიითაც შეძლო მაყურებელთან ერთად კრიტიკოსების სიმპათიის მოპოვება, რომელთაც „ლეონი“ ბესონის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს.
* * *
უცნაურია, მაგრამ „ლეონი“ სრულიად შემთხვევით შეიქმნა, როცა „ნიკიტას“ წარმატებამ ბესონს საერთაშორისო კინობაზარზე გასვლის და საოცნებო პროექტის - „მეხუთე ელემენტის“ განხორციელების შანსი მისცა. მართალია, რეჟისორმა სწრაფად დააინტერესა საკუთარი იდეით ბრიუს უილისი, მაგრამ ძალიან გაუჭირდა პროდიუსერების დარწმუნება, რომ ამბიციური, იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული არაჰოლივუდური პროექტი სრულად აანაზღაურებდა დანახარჯს.
მოლაპარაკება რამდენიმე წლით გადაიდო და ბესონიც ნაკლები ენთუზიაზმით, მხოლოდ დროის გაყვანის სურვილით შეუდგა შედარებით მცირებიუჯეტიანი, როგორც თავად თვლიდა, არაფრით გამორჩეული ფილმის გადაღებას, სულ რაღაც 30 დღეში მოამზადა სცენარი, გადაღებები კი, წინასწარ განსაზღვრულზე ბევრად ადრე - 90 დღეში დაასრულა და ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთგვარ გასართობად ქცეული „ლეონი“ მის სავიზიტო ბარათად იქცეოდა.
* * *
კვენტინ ტარანტინოს მსგავსად, რომლის პერსონაჟები საკუთარი ისტორიებით მოგზაურობენ ფილმიდან ფილმში და ხშირად ერთმანეთსაც კარგად იცნობენ, ლუკ ბესონსაც საკუთარი კინოსამყარო შექმნა, რომლის პერსონაჟები სხვადასხვა ფილმში ენათესავებიან ერთმანეთს.
რეჟისორის განცხადებით, ვიქტორი ანუ „მწმენდავი“ ოთხი წლით ადრე გადაღებული „ნიკიტადან“, სინამდვილეში ლეონის შორეული ნათესავია, რაც აშკარა მსგავსებითაც დასტურდება, რადგან ორივე დაქირავებული მკვლელია და ჩაცმის ერთნაირი სტილი აქვს, ორივე ნაქსოვ ქუდს ატარებს და მუქი სათვალით ცდილობს თვალების დამალვას, თუმცა, ლეონისგან განსხვავებით, ვიქტორი ბევრად სასტიკი, უმოწყალოა დაარც პრინციპები აქვს, არც ღირსების კოდექსი.
მართალია, მსგავსი განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ფილმის თაყვანისმცემლებისთვის, მაგრამ ბესონმა გულწრფელად აღიარა, რომ „ლეონი“ მხოლოდ ვიქტორის ტიპაჟის დეტალურად შესწავლის სურვილით შექმნა, საინტერესო პერსონაჟზე შესრულებული „შავი სამუშაო“ კი, საბოლოოდ ახალი ფილმის სცენარად იქცა.
* * *
ცნობილ რეჟისორებს ხშირად ჰყავთ ე.წ. „ფავორიტი მსახიობები“, ვისთანაც ყოველთვის სიამოვნებით თანამშრომლობენ. მარტინ სკორსეზესთვის ასეთი ფავორიტი რობერტ დე ნირო იყო, რომელიც მოგვიანებით ლეონარდო დიკაპრიომ ჩაანაცვლა, ჯონ კარპენტერისთვის - კურტ რასელი, რომელმაც ხუთი პერსონაჟი განასახიერა მის ფილმებში, კრისტოფერ ნოლანი კი, მაიკლ კეინს იწვევდა რეგულარულად. საკუთარი რჩეული აღმოაჩნდა ლუკ ბესონსაც, რომელმაც სადებიუტო ფილმზე მუშაობისას გაიცნო ჟან რენო, 1980-1990-იან წლებში კი, თითქმის ყველა ფილმში მოუძებნა მთავარი ან ეპიზოდური როლი - „უკანასკნელი ბრძოლით“ და „მეტროთი“ დაწყებული, „ცისფერი უფსკრულით“ და „ნიკიტათი“ დასრულებული. „ლეონი“ ბესონისა და რენოს უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევრი, თანამშრომლობის ერთგვარ კულმინაცია აღმოჩნდა, მერე კი მათი გზები გაიყარა და მართალია, რენო ბესონის პროდიუსერობით დადგმულ რამდენიმე ფილმში გამოჩნდა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით აღარასდროს უმუშავია.
* * *
წარმატებულ სტარტად იქცა „ლეონი“ მოზარდი ნატალი პორტმანისთვის, რადგან სწორედ ბესონის ფილმში შედგა მისი დებიუტი, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მატილდა, რომელიც ბრწყინვალედ განასახიერა, დიდი ხნით იქცეოდა მის კინოფსევდონიმად.მართალია, ახალბედა მსახიობს მანამდეც ჰქონდა მოკლე სარეკლამო რგოლებში მონაწილეობის გამოცდილება, მაგრამ კინო მისთვის აბსოლუტურად უცხო, თუმცა საოცრად მიმზიდველი სამყარო იყო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პირველი მარცხის შემდეგ, როცა სინჯები ვერ გაიარა, 13 წლის პორტმანმა, რომელიც არც მოზარდობაში უჩიოდა ამბიციების ნაკლებობას, მეორედ სცადა ბედი და ისე გულამოსკვნით გამოიტირა დაღუპული უმცროსი ძმა, რომ უპირობოდ ჩაიბარა მატილდას როლი აღფრთოვანებული ბესონისგან.
* * *
ჰარი ოლდმანმა, რომელმაც მცირებიუჯეტიანი პროექტებით დაწყებული, მრავალმილიონიანი ბლოქბასტერებით დასრულებული უამრავ ფილმში მიიღო მონაწილეობა და ერთნაირი წარმატებით განასახიერა როგორც მამაცი გმირები, ისე გამოუსწორებელი არამზადები, სწორედ საკუთარი არაჩვეულებრივი ნიჭის წყალობით დაიმსახურა გარდასახვის ოსტატის ტიტული.
ბრწყინვალე ტალანტის მორიგ დადასტურებად იქცა კლასიკური მუსიკის და ნარკოტიკების მოყვარული, ფსიქიური პრობლემებით დამძიმებული კორუმპირებული პოლიციელის ნორმან სტენსფილდის როლი, რომელიც არა მხოლოდ ოლდმანის მრავალრიცხოვან პერსონაჟებს შორის ითვლება საუკეთესოდ, არამედ ზოგადად კინოს ისტორიაში, როგორც ყველა დროის ყველაზე კოლორიტული ეკრანული არამზადა.
სხვათა შორის, სტენსფილდის როლზე მუშაობისას, ოლდმანი პრაქტიკულად ყველა ეპიზოდში იმპროვიზაციას მიმართავდა, რითაც კოლეგებს აბნევდა და აკვირვებდა, ბესონს კი, ძალიან აღიზიანებდა, თუმცა სწორედ მისი ექსპრომტად მოფიქრებული სცენები მოხვდა ფილმის საბოლოო ვერსიაში.
* * *
მართალია, ბესონი დიდხანს გეგმავდა ჰიტად ქცეული „ლეონის“ სიქველის გადაღებას, მაგრამ საკუთარი კომპანიის EuropaCorp დაარსების შემდეგ ფილმზე უფლების დათმობა მოუხდა ცნობილი კინოკომპანიის Gaumont-ის სასარგებლოდ, რომელმაც „ლეონის“ წარმოებაზე იზრუნა, ბესონის წასვლით განაწყენებულმა კი, მასთან მოლაპარაკების გამართვაც არ ისურვა.
არ დაიხია უკან არც ბესონმა, რომელმაც მარცხიანი ისტორიული დრამის „ჟანა დ'არკის“ შემდეგ რეჟისურისგან დასვენება გადაწყვიტა და მხოლოდ პროექტის პროდუსერობას გეგმავდა, თუმცა წამოწყებამ არ გაამართლა, რადგან ნატალი პორტმანმა თქვა უარი სიქველში მონაწილეობაზე, რომელსაც სავარაუდოს "მატილდა" ერქმეოდა, მისი დადგმაზე კი, ბესონის უმცროსი კოლეგა ოლივიე მეგატონი იზრუნებდა.
მართალია, ფილმის გადაღება შეუძლებელი აღმოჩნდა, მაგრამ ბესონმა ნაწილობრივ მაინც შეძლო ჩანაფიქრის განხორციელება, როცა 2011 წელს, სწორედ მისი პროდიუსერობით დადგა მეგატონმა ტრილერი „კოლომბიანა“.