საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქრონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მორიგი აქცია მიმდინარეობს.
ერთ-ერთი მშობლის, ქეთი ბეგიაშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა 29 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება.
„ჩვენი გულისტკივილი და დაუღალავი წვალება გაგრძელდება მანამ, სანამ მედიკამენტ "ვოზორიტიდის" საქართველოში შემოტანის კონკრეტული ვადები არ იქნება ცნობილი და ამის განკარგულების აქტს თვითონ პრემიერი არ მოაწერს ხელს. მსვლელობა შაბათს გაგრძელდება, სამ საათზე კანცელარიასთან შევიკრიბებით, მოვლენ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვები და თავად მიმართავენ პრემიერს“, - განაცხადა ქეთი ბეგიაშვილმა.
გარდა ამისა, ქეთი ბეგიაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა მშობლებისთვის დამაიმედებელი იყო.
„ეს ნაბიჯი ჩვენთვის დამაიმედებელი იყო, რადგან პრეზიდენტი ჩვენ მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო, როდესაც შევხვდით. მივესალმებით იმას, რომ მან ჩვენ შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან კიდევ გამოითხოვა“, - განაცხადა ქეთი ბეგიაშვილმა.