ნატო შეიძლება გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კიევში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ყველაზე მეტად აწუხებს საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდება, ასევე ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები.
„უკრაინელებმა განაცხადი გააკეთეს და ნატო-მ უნდა უპასუხოს ამ განაცხადს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, მაშინ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს, არის ნატო-ში გაწევრიანება", - აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, ესტონეთი მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, მისცენ უკრაინას გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა, თუმცა, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ.
„ჩვენი მხრივ, ვცდილობთ დავარწმუნოთ მოკავშირეები, თუ რატომ უნდა მიენიჭოს უკრაინას ომის შემდგომ ასეთი მკაფიო პერსპექტივა, რათა ეს გზავნილები იყოს ნათელი და, მეორე მხრივ, ჩვენ ვეუბნებით უკრაინას, თუ რა უნდა გააკეთონ მათ ამ მიმართულებით სვლისთვის“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.