დემოგრაფიულ სტატისტიკას უფრო სიღრმისეულად თუ ჩავუღრმავდებით, 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 0 დან-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი − 63.8 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6 პროცენტს. 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 793 800 შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 942 500. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.
აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი. 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს. მედიანური ასაკი ეს ის მაჩვენებელია, რომელიც უჩვენებს ამა თუ იმ ქვეყანას რომელ ასაკში ჰყავს მოსახლეობის ნახევარი.
მედიანური ასაკი მნიშვნელოვნად განსხვავდება მსოფლიოს ცალკეულ რეგიონებში და ქვეყნებში, რაც განპირობებულია მთელი რიგი ფაქტორებით, როგორიცაა შობადობის მაჩვენებლები, სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონეები და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.