საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ქობულეთის შუქურამ დინამო ბათუმს ანგისას ბაზაზე უმასპინძლა და ჩემპიონატის ლიდერთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მე-7 მატჩი მოიგო.
39-ე წუთზე ფლამარიონ ჯოვინომ ანგარიში გახსნა - ბათუმელთა ფორვარდმა მეტოქის 4 ფეხბურთელს აჯობა და შუქურას კარი ძალიან ეფექტური გოლით აიღო. ეს ფლამარიონისთვის მიმდინარე სეზონში გატანილი მე-7 გოლი იყო და ეროვნული ლიგის ბომბარდირთა სიას დინამოს ფორვარდი ლიდერობს. სტუმრებმა პირველი ტაიმი 1-ბურთიანი სხვაობით მოიგეს.
მეორე ნახევრის დასაწყისში შუქურამ ანგარიში გაათანაბრა. ხარატიშვილმა ბანტუ მზვაკალი წააქცია, პენალტი კი ფაცაციამ გამოიყენა. დინამომ უპირატესობის აღდგენა 68-ე წუთზე მაინც მოახერხა. გიორგი ზარიამ ვლადიმერ მამუჩაშვილის პასი გამოიყენა და ეროვნული ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მეორე გოლი გაიტანა. 82-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე კაპანაძემაც შეაგდო და საბოლოო ანგარიში - 3:1 დააფიქსირა.
10 ტურის შემდეგ დინამო ბათუმმა 24 ქულა დააგროვა, ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ დინამო თბილისს 4 ქულით უსწრებს. გია გეგუჩაძის გუნდი მომავალ შეხვედრა საბურთალოს წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 30 აპრილს, რუსთავში გაიმართება.
ქობულეთის შუქურას 10 თამაშის შემდეგ 6 ქულა აქვს და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. უჩა სოსიაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას 30 აპრილს, ზესტაფონში სამგურალის წინააღმდეგ გამართავს.