გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის ლიგა ენდესას გამოტოვებულ მატჩში სტუმრად ბილბაოს 83:60 სძლია და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიცია გაიმყარა.
მე-4 მეოთხედის შუაში ტენერიფელები 81:43-ს იგებდნენ, დარჩენილ დროში კი მასპინძლებმა 17:2 იმარჯვეს, თუმცა, ამით მხოლოდ ანგარიში შეალამაზეს.
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ცენტრმა 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მან ასევე 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე გახდა.
ცნობისთვის, ლენოვო ტენერიფემ 21 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ბარსელონას, ბასკონიასა და რეალს ჩამორჩება. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 29 აპრილს, ისევ სტუმრად, ერთ-ერთ აუტსაიდერ გრანადასთან ჩაატარებს.