უნარების კვირეულის ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტომ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი, ინოვაციური პროგრამა წარადგინა, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებში ენობრივი ბარიერის აღმოფხვრასა და მათ სოციალურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. პროგრამა ენის სწავლების ახალი მოდელის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით ამოქმედდება.
პროგრამის წარდგენის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა.
უნარების კვირეული 30 აპრილს დასრულდება - მასში მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე ბიზნეს ორგანიზაციებისა და სექტორული გაერთიანებების წარმომადგენლები სხვა დაინტერესებული პირები.