ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 432 ადამიანით გაიზარდა. მარტში საარსებო შემწეობა საქართველოს 676 641-მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო. შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 432 ადამიანით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკაში, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მონაწილეების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი. კერძოდ, იანვარში 30 571 იყო იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც, აღნიშნულ პროგრამაში ჩართვიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. თებერვალში მათი რაოდენობა 33 394-მდე გაიზარდა, მარტში კი 35 ათასს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა გასული წლის მარტში დაიწყო.
პროექტი სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება მისი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.
ინფორმაციისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მარტში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 57 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.