საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა. ბორელმა მოუწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი. როგორც ბორელმა აღნიშნა, ის შეხვდა ილია დარჩიაშვილს, რა დროსაც მათ განიხილეს საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ევროინტეგრაციის კუთხით. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების საჭიროებას.
გარდა ამისა, ილია დარჩიაშვილთან არაფორმალური მოლაპარაკებები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც გამართეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ილია დარჩიაშვილთან გამართულ დისკუსიაზე დადასტურდა, რომ საქართველომ ძირითად რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.