ბურკინა-ფასოს სოფელ კარმაში შეიარაღებული პირების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 60-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმა იატენგას პროვინციაში, მალის საზღვართან მოხდა.
„დაახლოებით 60 ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად, რომელიც შეიარაღებული ძალების ფორმაში გადაცმულმა ადამიანებმა განახორციელეს“, - განაცხადა პროკურორმა ლამინ კაბორემ.
მოსახლეობამ სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ სოფელი 100-ზე მეტმა შეიარაღებულმა პირმა დაარბია.
ბურკინა-ფასოს სამხედრო ხუნტამ რამდენიმე დღის წინ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, რათა დაუპირისპირდნენ ამბოხებას, რომელსაც „ალ-ქაიდასთან“ და ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ისლამისტური ჯგუფები ხელმძღვანელობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ბურკინა-ფასოში ძალადობას დღემდე 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2 მილიონამდე ადამიანი კი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.