ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი“ უეფას კონფერენს ლიგას გამოეთიშა. ქართველი ფეხბურთელების გუნდი ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა და „ფიორენტინას“ ბარიერი ვერ დაძლია, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, 4:6 წააგო.
„ლეხს“ პირველი შეხვედრა 1:4 ჰქონდა წაგებული და სტუმრად ჩატარებულ მატჩში, სასწაულის მოხდენასთან ძალიან ახლოს იყო. პოლონელებმა პირველი გოლი მალევე გაიტანეს და მე-9 წუთზე, სოუზას წარმატებული დარტყმით დაწინაურდნენ. 64-ე წუთზე, „ლეხმა“ პენალტი მოიპოვა და ველდემ საკუთარი გუნდის უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა, 5 წუთში კი ზობიეკმა ორი მატჩის ჯამში, წონასწორობა აღადგინა.
3 გაშვებული გოლის შემდეგ, „ფიორენტინამ“ გამოიღვიძა და 78-ე წუთზე, სოტილის დარტყმით 1:3 გახადა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი კასტროვილიმ დააფიქსირა - 2:3. ქართველებს რაც შეეხებათ, გიორგი წიტაიშვილმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ნიკა კვეკვესკირი კი მოედანზე 82-ე წუთზე გავიდა და ყვითელი ბარათი მიიღო.ფიორენტინა კონფერენსლიგის ნახევარფინალში ბაზელს დაუპირისპირდება, რომელმაც ნიცას დამატებით დროში 2:1 მოუგო.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ალკმაარი და ვესტ ჰემი შეხვდებიან. ორივე გუნდმა ბელგიურ მეტოქეს აჯობა. ალკმაარმა თერთმეტმეტრიანების სერიაში ანდერლეხტი გააგდო, ხოლო ვესტ ჰემმა გენტს 4:1 სძლია. ევროპალიგის და კონფერენსლიგის ნახევარფინალები 11 და 18 მაისს გაიმართება.