„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ ესებუას უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა.
მისი თქმით, გამოკვლევის ჩატარებას 10-15 დღე დასჭირდება. ადვოკატის ინფორმაციით, ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო სხდომები ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაგრძელდება.
„დღეს გავიგე, რომ ბადრი ესებუა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პროკურატურას ჰქონდა მისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნა და სასამართლომ დააკმაყოფილა, იძულებით გადაყვანაზე განჩინება იყო გაცემული და ჩვენი პოზიციის მიუხედავად, მაინც ასე მოხდა. როგორც ვიცი, გუშინ გადაიყვანეს. გამოკვლევის ჩატარებას 10-15 დღე დასჭირდება. დღევანდელი პროცესი გადაიდო და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაგრძელდება სასამართლო სხდომები,“ - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.