გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, თუმცა ნახევარფინალის საგზური მილანელებმა მოიპოვეს. პირველი შეხვედრა სან სიროზე სწორედ მათი გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. გუშინდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ. „სტადიო მარადონაზე“ დაპირისპირება ნეაპოლელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 22-ე წუთზე რაფაელ ლეაოს წაქცევისთვის მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ოლივიე ჟირუმ შეასრულა. „ნაპოლის“ მეკარემ, ალექს მერეტმა ფრანგის დარტყმა მოიგერია.
37-ე წუთზე შეხვედრის პოლონელ არბიტრს, შიმონ მარჩინიაკს ირვინ ლოსანოს წაქცევისთვის პენალტი „მილანის“ კარშიც შეეძლო დაენიშნა, თუმცა სადავო მომენტში მან სტუმრები დაინდო. 43-ე წუთზე კი, რაფაელ ლეაოს სოლორეიდის შემდეგ კარის წინ მარტოდ დარჩენილმა ოლივიე ჟირუმ გოლის გატანა მაინც შეძლო და პირველი ტაიმი სტუმრებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიამ მომენტი შექმნა და ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. ქართველმა ფლანგზე ორი მცველი მოატყუა და კარში მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა. 58-ე წუთზე ქართველი ორ მეტოქეს კიდევ ერთხელ გაუმკლავდა, თუმცა მიზანს კვლავ ააცილა. 64-ე წუთზე ხვიჩას პასით გატანა მატიას ოლივერასაც შეეძლო, თუმცა მან ეს მომენტი ვერ გამოიყენა.
82-ე წუთზე „ნაპოლიმ“ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა – კარში კვარაცხელიამ დაარტყა, თუმცა, სამწუხაროდ, ქართველმა ვარსკვლავმა მილანის მეკარეს, მაიკ მენიოს ვერ აჯობა და ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. კვარაცხელიასთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე გაფუჭებული პენალტია – პირველი მან ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ვერ გამოიყენა. შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს, 93-ე წუთზე ჯაკომო რასპადორის ჩაწოდებას ვიქტორ ოსიმენი გამოეხმაურა და თავური დარტყმით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში „მილანმა“ მოიგო 2:1 (1:0, 1:1) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შეფასება მიიღო.
შეგახსენებთ, „მილანი“ ნახევარფინალში „ბენფიკას“ და „ინტერს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.