დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფლის აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლოა გამარჯვება: სიკეთის გამარჯვება, სიმართლის გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვება. აღდგომას აღვნიშნავთ
ამ გამარჯვებების შეუქცევადობის ურყევი რწმენით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
„ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის. ჩვენ არა უბრალოდ ველოდებით და ვითხოვთ, არამედ ვიმარჯვებთ და თავად ვქმნით ამ გამარჯვებას. 417 დღე. ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ. ალბათ, ყველაზე რთული მწვერვალები წინ გველის. გადავლახავთ და ერთად შევხვდებით ჩვენს გარიჟრაჟს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის დროშა მალე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აფრიალდება, კანონის უზენაესობა და სამართლიანობა იზეიმებს და დაისჯება ყველა, ვინც გასცა და აღასრულა დანაშაულებრივი ბრძანება.
„ყველა, ვინც მოკლა, აწამა, გაძარცვა, პასუხს აგებს როგორც საერთაშორისო ტრიბუნალის, ასევე უფლის წინაშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.
„ზეცა ხედავს ჩვენს რწმენას და სიმტკიცეს. მსოფლიო ხედავს ჩვენს გამბედაობას და უძლეველობას. მტერი ხედავს ჩვენს ძალასა და მონდომებას და ამიტომ, უკრაინა იხილავს გამარჯვების შუქს. ომმა ვერ წაგვშალა ჩვენ, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი დღესასწაულები. სადაც არ უნდა აღვნიშნოთ აღდგომა, სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა თითოეული ჩვენგანი, აღდგომას ერთად აღვნიშნავთ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ - უკრაინელები. ერთი დიდი სახლი გვაქვს - უკრაინა. ჩვენ ერთი დიდი მიზანი გვაქვს - გამარჯვება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.