"ბენ-გური"
უილიამ უაილერის ისტორიული დრამა, 11 "ოსკარის" მფლობელი "ბენ-გური" თითქმის 40 წელი ინარჩუნებდა ამერიკული კინოაკადემიის რეკორდსმენის ტიტულს, თუმცა ჯერ 1997 წელს დათმო ყველაზე წარმატებული ფილმის სტატუსი ჯეიმს კამერონის „ტიტანიკთან“ ბრძოლაში, მერე 2003 წელს, როცა კონკურენცია პიტერ ჯექსონმა გაუწია „ბეჭდების მბრძანებლის მესამე ფილმით „მეფის დაბრუნებით“.
სერიოზული მეტოქეების მიუხედავად 1950-იანი წლების პოპულარულმა პეპლუმმა (ისტორიული კინოს ჟანრმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანტიკური და ბიბლიური სიუჟეტები, ხანგრძლივი (ხშირად 2 საათზე მეტი) ქრონომეტრაჟი და მასშტაბურობა, ბატალური სცენები, სტატისტების და პანორამული საერთო პლანები სიმრავლე) სწორედ კონკურენტებთან ერთად შეადგინა კინოაკადემიის ლიდერთა სამეული და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო კინოს საგანძურში.
წინამორბედი ვერსიები
ლიუ უოლსის ამავე სახელწოდების რომანი, რომელიც 1880 წელს გამოიცა, ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა კინემატოგრაფისტთა შორის. პირველად რომანის ეკრანიზება სიდნი ოლკოტმა განახორციელა1907 წელს, რასაც ორი ათწლეულის შემდეგ ფრედ ნიბლოს მუნჯი ვერსია მოჰყვა, 1950-იან წლებში კი, Metro Goldwyn Mayer-მა სცადა უილიამ უაილერთან თანამშრომლობით მისი ხმოვანი რიმეიქის გაკეთება, თუმცა მასშტაბურ ისტორიულ ეპოპეაზე მუშაობა მხოლოდ Paramount-ის და სესილ დემილის მსხვილბიუჯეტიანი პროექტის „ათი მცნების“ კომერციული წარმატების შემდეგ დაიწყო, როცა ფილმმა არა მხოლოდ დანახარჯი აანაზღაურა, არამედ იმ პერიოდისთვის რეკორდული - 60-მილიონიანი მოგება ნახა და უაილერი საკუთარი წამოწყების მართებულობაში დაარწმუნა.
ფილმზე მუშაობა 9 თვე გაგრძელდა იტალიაში, „ჩინეჩიტას“ სტუდიაში და 50-იანი წლების ყველაზე თამამ, მასშტაბურ პროექტად იქცა. 15-მილიონიანი ბიუჯეტი და ასობით სტატისტი, ეტლებით რბოლის სცენისთვის შექმნილი გიგანტური დეკორაცია და 10-წუთიანი რბოლის ეპიზოდი, რომელიც იმ პერიოდის კინემატოგრაფიისთვის უცხო - ექშენის ერთ-ერთ პირველ მცდელობად იქცა.
ამასთანავე, სწორედ „ბენ გური“ იქცა ერთადერთ ფილმად, რომლის შესავალში MGM-ის ლოგოდ ქცეულმა, ღრიალით განთქმულმა ლომმა ხმა დაკარგა და სტატიკურ გამოსახულებად იქცა, რადგან რეჟისორს უადგილოდ მოეჩვენა ლომის ღრიალი და მუსიკას მიანიჭა უპირატესობა, რომელიც მისი აზრით შესაფერისი განწყობის შექმნაში დაეხმარებოდა მაყურებელს, მით უფრო, რომ ფილმი ქრისტეს შობის ეპიზოდებით იწყებოდა.
მოკლე სიუჟეტი
ფილმის მოქმედება ახალი ერის 26-ე წელს ვითარდება, როცა დაპყრობილ ტერიტორიებზე მეამბოხე განწყობების მიუხედავად, რომი მაინც ჯიუტად აფართოებდა საკუთარ იმპერიას. აჯანყებულთა ჯგუფები მომრავლდნენ რომის მმართველობას დაქვემდებარებულ იუდეაშიც, რაც კიდევ უფრო გააძლიერა ცნობამ მესიის დაბადების შესახებ.
მართალია, მდიდარმა იუდეველმა ვაჭარმა იუდა ბენ-გურმა, სახელმწიფო საქმეებში ჩარევას საკუთარი საქმე, სახლსა და ახლობლებზე ზრუნვა ამჯობინა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ქალაქში იუდეის გუბერნატორის მიერ დანიშნული ახალი ტრიბუნი მესალა ჩავიდა.
ბენ-გური და მესალა ბავშვობიდან მეგობრობდნენ, მერე კი, რომში გაემგზავრა და ტრიბუნის რანგში დაუბრუნდა იუდეას. სწორედ მაშინ სთხოვა ბენ-გურს განსხვავებულად მოაზროვნე ოპონენტებთან ბრძოლაში დახმარება, რომლებიც სულ უფრო მეტად განიცდიდნენ ნაზარეველი მოძღვრის გავლენას. თუმცა, ბენ-გურმა უარი თქვა საკუთარი ხალხის ღალატზე და მკაცრადაც დაისაჯა, რადგან თვითონ გალერაზე, მისი დედა დასთან ერთად კი, საპატიმროში მოხვდა.
ჩარლტონ ჰესტონი
MGM-ის მესვეურებმა 1950-იანი წლების დასაწყისში განაცხადეს მასშტაბურ პროექტზე მუშაობის დაწყების შესახებ, ბენ-გურის როლზე მთავარ პრეტენდენტებად კი, ჰოლივუდის წამყვანი მსახიობები - მარლონ ბრანდო, პოლ ნიუმენი და ბერტ ლანკასტერი დაასახელეს, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც „ათი მცნების“ ვარსკვლავის ჩარლტონ ჰესტონის სასარგებლოდ გააკეთეს.
სწორედ მან განასახიერა წარჩინებული გვარის იუდეველი, რომელმაც ცხოვრების მეტად რთული გზა გაიარა, რადგან ქონებასა და სოციალური სტატუსთან ერთად თავისუფლებაც დაკარგა, თუმცა მონად ქცეული მაინც არ დანებდა და ყველაფერი უკან დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ ჰესტონი, რომელიც 2 საათის 1 წუთისა და 23 წამის მანძილზე ჩანდა ეკრანზე, არა მხოლოდ „ოსკარის“ მფლობელი გახდა, არამედ ორიგინალური რეკორდიც დაამყარა საკუთარი როლის ხანგრძლივობით.
მართალია, ექსტრიმის მოყვარულმა მსახიობმა თავად სცადა ყველა ტრიუკის შესრულება, მაგრამ ეტლების რბოლის საკვანძო ეპიზოდში, იმდენად სწრაფად აიღეს ცხენებმა სტარტი, რომ წონასწორობადაკარგული მსახიობი მხოლოდ საოცრებით გადაურჩა ეტლის ბორბლებქვეშ მოყოლას. საბოლოოდ ჰესტონმა უარი თქვა ზედმეტად გარისკვაზე და სახიფათო ტრიუკების შესრულება გამოცდილ კასკადიორს, რბოლის სცენის დამდგმელის შვილს ჯო კანუტას გადააბარა.
მესალას როლი უაილერმა ირლანდიელ სტივენ ბოიდს ჩააბარა, რომაელების განსახიერება კი, ინგლისელ მსახიობებს მიანდო, რადგან ჩათვალა, რომ მათი აქცენტი უფრო არისტოკრატულად ჟღერდა. მეტიც, ფილმში მხოლოდ ოთხმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა, რადგან დასმა თითქმის მთელი მსოფლიოდან მოუყარა თავი მსახიობებს იტალიის, ისრაელის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ჩათვლით.
რეკორდები
ბენ-გურმა ერთდროულად რამდენიმე რეკორდი დაამყარა. მართალია, პირვანდელმა ბიუჯეტმა მხოლოდ 7 მილიონი დოლარი შეადგენდა, მაგრამ მუშაობის დროს ხარჯი 15 მილიონამდე გაიზარდა. სხვათა შორის, მთელი 4 მილიონი დაიხარჯა ეტლების რბოლის სცენაზე, რომლის გადაღება 3 კვირა გაგრძელდა და მსოფლიო კინოს შედევრად იქცა.
აღსანიშნავია, რომ 7 ჰექტარზე გადაჭიმული არენის დეკორაცია, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონსტრუქციად ითვლება, ჩვენს ერამდე პირველ საუკუნეში, იროდ დიდის მიერ აგებული იერუსალიმის იპდორომის ანალოგად გააშენა 1000-მდე მუშამ და მექსიკიდან სპეციალურად ჩამოზიდული 36 ათასი ტონა ქათქათა თეთრი ქვიშით დაფარა. იუგოსლავიიდან და იტალიიდან ჩამოიყვანეს 78 ცხენი, რომელთაც ადგილობრივი ულაყებიც შეუერთდნენ და საერთო ჯამში 2500-მდე მოგროვდნენ 200 აქლემთან ერთად.
რთული გადაღებები
უნიკალურ ექსპონატად იქცა გალერაც, რომელიც MGM-ის ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნით მაქსიმალურად დაემსგავსა ორიგინალს. კინოსტუდიის მესვეურებმა უძველესი რომის სამხედრო-საზღვაო ფლოტილიის სპეციალისტი მიიწვიეს, რომელმაც საკუთარი ნახაზები წარუდგინა დამკვეთებს. პროდიუსერებმა მოიწონეს მისი იდეა და ინჟინრების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელთა მტკიცებით ზედმეტად მძიმე ხომალდი აუცილებლად წყალში ჩაიძირებოდა, მაინც შეუდგნენ მუშაობას.
ინჟინრების პროგნოზი გამართლდა. გალერამ გამოცდას ვერ გაუძლო და პირველივე ტალღის შემდეგ წავიდა ფსკერისკენ, რამაც კინოსტუდიის მესვეურებს ოკეანეში გადაღებაზე უარის თქმა და სპეციალური წყალსატევის აშენება, ცის ნაცვლად კი, უზარმაზარი ცისფერი ქსოვილის გამოყენება აიძულა, რომელიც ოსტატური განათების წყალობით ნამდვილ ცას დაემსგავსა.
მორიგ პრობლემად იქცა წყალი უზარმაზარ აუზში, რომელიც ზედმეტად მუქად შეიფერა. პრობლემის მოსაგვარებლად პროდიუსერებმა ქიმიკოსი დაიქირავეს, რომელსაც ნივთიერებათა სპეციალური შემადგენლობის საღებავის შემუშავება და წყლის ხმელთაშუა ზღვის ფერში შეფერვა დაავალეს. მართალია, მეცნიერმა პირნათლად შეასრულა დავალება და მეტად ეფექტურად შეაფერადა დეკორატიული ოკეანე, მაგრამ მის მიერ შემუშავებულმა საღებავმა ყველაფერი ცისფრად შეღება, რაც წყალში მოხვდა. ახალი უსიამოვნების გადასაჭრელად პროდიუსერებს არც დრო ჰქონდათ, არც ფინანსები, ამიტომ მსახიობებს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა და წყალს მორიდება ურჩიეს.
სახიფათო ტრიუკების სიმრავლის მიუხედავად, ფილმზე მუშაობა მაინც მძიმე ტრავმების გარეშე დასრულდა, თუმცა პროდიუსერის სემ ციმბალისტის გულის შეტევით გარდაცვალებამ, უაილერდს დამატებითი ფინანსების მობილიზება აიძულა, რათა 100 ათასი დოლარი გადაეხადა უდროოდ გარდაცვლილი პროდიუსერის შემცვლელისა და მისი მოვალეობის შემსრულებლისთვის.
საუნდთრეკი
1950-იანი წლებისთვის რეკორდული ბიუჯეტის გარდა, შთამბეჭდავი აღმოჩნდა ფილმის მუსიკალური გაფორმებაც, რომელიც მიკლოშ როჟემ შექმნა. აღსანიშნავია, რომ საუნდთრეკის ქრონომეტრაჟმა მთელი 110 წუთი შეადგინა და კინოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ მუსიკალურ გაფორმებად იქცა.
კოსტიუმები და დეკორაციები
სხვადასხვა მონაცემებით, 365 მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟის გარდა ფილმში 10-დან 15 ათასამდე სტატისტი მონაწილეობდა, რამაც იშვიათი მონდომების გამოჩენა აიძულა დიზაინერს ელიზაბეტ ჰეფენდენს, რომელმაც 55 მკერავთან ერთად შეკერა 100 ათასზე მეტი კოსტიუმი და „ოსკარის“ პრემიაც დაიმსახურა.
მესალას როლის შემსრულებელს სტივენ ბოიდს ჰეფენდერმა სპეციალური პლატფორმები მოარგო ფეხსაცმელზე, რათა პარტნიორს და მთავარ ანტაგონისტს - ჰესტონის ბენ-გურს დასწეოდა სიმაღლეში, პარიკები პერსონაჟებისთვის კი, 160 კილოგრამი თმისგან დაამზადა, რომელიც საჩუქრად მიიღო შემოქმედებითმა ჯგუფმა რომის სილამაზის სალონებისგან.
არანაკლები ენთუზიაზმით შეუდგნენ მუშაობას მოქანდაკეები და არქიტექტორები. 200-მდე მხატვრისგან შექმნილმა ჯგუფმა14 თვეში ააგო ყველა ძეგლი, სტატუეტი და 300-მდე არქიტექტურული ობიექტი, რომელთა ორიგინალების კვლევასა და შესწავლას მთელი 5 თვე დაუთმო.
წარმატება
აღსანიშნავია, რომ „ბენ-გურმა“ არა მხოლოდ აანაზღაურა დანახარჯი, არამედ რეკორდული მოგებაც ნახა, რადგან 147 მილიონი დოლარი გაქირავებაში, 20 მილიონი კი, ფილმის სუვენირების გაყიდვით მოაგროვა. სხვათა შორის, 2011 წელს Warner Bros-ის სტუდიამ, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ფილმზე საავტორო უფლება, მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა მის რესტავრაციაზე და „ბენ-გურის“ ახალი ვერსია მანამდე გამოუქვეყნებელი 4-საათიანი მასალის დამატებით გამოსცა DVD-ფორმატში.
შთამბეჭდავი მონაცემების მიუხედავად, „ბენ-გურის“ მთავარ მიღწევად მაინც 11 „ოსკარი“ იქცა. მართალია, „ტიტანიკმა“ და „ბეჭდების მბრძანებელმა“ ამდენივე პრემია მოაგროვეს, მაგრამ უილიამის ნამუშევარმა მაინც შეინარჩუნა ლიდერობა, რადგან კონკურენტებისგან განსხვავებით 12 ნომინაციაზე აღმოჩნდა წარდგენილი და მხოლოდ ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში დამარცხდა, როცა „ოსკარი“ დრამის „გზა ზევით“ ავტორებმა მიიღეს, თუმცა მაინც შეივსო დანაკლისი ოთხი „ოქროს გლობუსის“ და BAFTA-ს პრემიით საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. ამასთანავე, „ბენ-გური“ ერთადერთი ჰოლივუდური ფილმია, რომელიც ვატიკანის მოწონებული ფილმების ნუსხაში მოხვდა.