გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სერიაში ესპანურ მანრესასთან საგარეო მატჩი წააგო და ახლა, გადამწყვეტი თამაშის ჩატარება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებს შინ 91:84 ჰქონდათ მოგებული, სტუმრად კი 83:85 დამარცხდნენ.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24:11 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 4-ვე ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა და მხოლოდ ურუგვაელ ბრუნო ფიტიპალდოს (22) ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულას 6 პასი წაამატა, ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა კი 19 ქულა ჩააგდო.
19 აპრილს ტენერიფელები მანრესას შინ მიიღებენ და თუკი წარმატებას მიაღწიეს, ნახევარფინალში კიდევ ერთ ესპანურ კლუბ უნიკახას გაეჯიბრებიან.