კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სონარული სათვალე შექმნეს, რომელიც უხმოდ კომუნიკაციის საშუალებას მოგვცემს. ტექნოლოგია მომხმარებლის მიერ უხმოდ წარმოთქმული სიტყვების გასარჩევად და წასაკითხად პატარა მიკროფონებსა და სპიკერებს იყენებს. მის შესაქმნელად აქამდე არსებული ნაკლებად დახვეწილი მოდელები გამოიყენეს.
ახალი ტექნოლოგია მეტად პრაქტიკულია, რადგან სათვალით სარგებლობისას მომხმარებელს კამერის ანდა ყურსასმენის გამოყენება არ უწევს. სანაცვლოდ, სათვალე სონარს, ჰიდროლოკატორს, იყენებს, რათა პირის მოძრაობები შეიგრძნოს. პარალელურად იგი ღრმა დასწავლის ალგორითმის მეშვეობით ექოპროფილებს აანალიზებს რეალურ დროში. ამგვარად სისტემას შეუძლია, მომხმარებლის მიერ უხმოდ წარმოთქმული სიტყვები 95%-იანი სიზუსტით გაარჩიოს.
ტექნოლოგია მეტყველების პრობლემების მქონეთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს. ისინი დიალოგს უხმოდ მიაწვდიან ხმის სინთეზატორს, ეს უკანასკნელი კი სიტყვებს მათ ნაცვლად წარმოთქვამს ხმამაღლა. სათვალეების მეშვეობით მუსიკის გაკონტროლებასაც შეძლებთ ჩუმ ბიბლიოთეკაში ანდა შეტყობინებების კარნახს ხმაურიან გარემოში.
ტექნოლოგია პატარაა, შეუმჩნეველი, და სამუშაოდ მცირე ენერგია სჭირდება. სათვალის ბატარეა აკუსტიკური მგრძნობელობისთვის ამჟამად 10 საათის განმავლობაში ძლებს, ამავდროულად კი გადასამუშავებელი მონაცემები უკაბელოდ გადააქვს მომხმარებლის სმარტფონში. ეს მონაცემები მობილურს არ ტოვებს, შესაბამისად, მოწყობილობა კონფიდენციალურობის მხრივ საკმაოდ უსაფრთხოა.
როგორც მკვლევრები აცხადებენ, სისტემას მხოლოდ რამდენიმეწუთიანი საწვრთნელი მონაცემები სჭირდება, რათა მომხმარებლის მეტყველებითი კანონზომიერებები დაისწავლოს. მუშაობის პროცესში სათვალე მომხმარებლის სახეზე ბგერის ტალღებს გზავნის და იღებს, რათა პირის მოძრაობები გაარჩიოს, შემდეგ კი ექოპროფილებს ღრმა დასწავლის ალგორითმით აანალიზებს.
მეცნიერთა გუნდი ფიქრობს, რომ ყოველდღიურობაში ადამიანთა ქმედებების გაგების კუთხით სათვალე მნიშვნელოვანი პირადი გამოთვლითი პლატფორმა იქნება. ტექნოლოგიის კომერციალიზაციას ისინი კორნელის დაფინანსების პროგრამით მოიაზრებენ. ფიქრობენ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება, ჭკვიანი სათვალეები სახის, თვალებისა და ზედატანის მოძრაობების გასარჩევად გამოვიყენოთ.
სონარული სათვალე, რომელსაც უამრავი სიტყვისა თუ ფრაზის გარჩევა შეუძლია, უხმო მეტყველების ამომცნობ ტექნოლოგიებში მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამასობაში ისღა დაგვრჩენია, სამომავლოდ ინოვაციის განვითარებას დავუცადოთ — ვინ იცის, როგორ გადაასხვაფერებს ეს ადამიანების ინტერაქციას ერთმანეთთან თუ ტექნოლოგიებთან.