ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, მთავრობის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი რომლის თანახმადაც, საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების, მათ შორის, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესების შემუშავება და დამტკიცება მოხდება. მაგალითად, მტკვარზე, თბილისის ზღვასა და სხვა შიდა სახმელეთო წყლებში მცურავი საშუალებები, დღევანდელი კანონმდებლობით, რეგულირების სფეროში არ ექცევა. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებული კანონპროექტით, ისინი კანონით განსაზღვრულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან. პროექტის მიზანია, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკურ მარეგულირებელ ორგანოდ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განისაზღვრება, ხოლო შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ფუნქცია, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებულ, სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დაემატება.