აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი, ამასთანავე, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები და სამედიცინო ბიბლიოთეკა.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ. განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე.
აღინიშნა, რომ მრავალი, ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში.
სამინისტროს ცნობით, საუბარი იყო კლინიკაში არსებულ გამოწვევებზეც, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის დასახელდა სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, კლინიკური და ფინანსური გამოწვევები.