ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი - მოძრაობა თუ იქნება, ეს იქნება თქვენი მოძრაობა, მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი, არც ორიენტაცია შემიცვლია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს 9 აპრილს უკავშირდება და რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებიან.
პრეზიდენტის თქმით, დროა უარი ვთქვათ დაყოფაზე.
ამასთან პრეზიდენტმა გამოთქვა წუხილი, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე „ვიღაცები არ მიუშვეს“.
„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე აქ მე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი. დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი. არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის. დროა, ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ არა დაყოფაზე!
ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ 9 აპრილს ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარ თარიღს?! როცა პრეზიდენტი იწვევს, სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ, იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი.
ჩვენ თუ ავაშენებთ, ჩვენ ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდევაც”, - თქვა პრეზიდენტმა.