აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე, მათ შორის, „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა და დეტალურად აღწერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებას.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დოკუმენტების გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი ან პრორუსული ელემენტები დგანან.
დოკუმენტები დათარიღებულია 2023 წლის 23 თებერვლიდან 2023 წლის 1 მარტამდე და გრიფით „საიდუმლოა“.
დოკუმენტები დეტალურად აღწერს უკრაინაში გასაგზავნი იარაღისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდების უფრო ზუსტ ვადებს, ვიდრე აშშ ზოგადად ასაჯაროებს. ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, Reuters-ს განუცხადეს, რომ დოკუმენტები, როგორც ჩანს, გადაკეთებული იყო რუსების მიერ ომში განცდილი მსხვერპლის რაოდენობის შემცირების მიზნით.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ 16 000 - 17 500-მდე რუსი დაიღუპა. მაშინ, როცა აშშ-ს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ომში დაღუპული და დაჭრილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 200 000-ია.