ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ, უკრაინას, ომის დასასრულებლად, რუსეთისთვის ყირიმის დათმობა შესთავაზა. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა პუტინს არ შეუძლია და შესაძლოა, საუბარი იყოს ყირიმზე. პრეზიდენტის თქმითვე, პუტინი უნდა დაფიქრდეს იმ ტერიტორიებზე, სადაც ყირიმის მიღმა შეიჭრა. ლულა და სილვას თქმით, არც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია ყველაფერი სურდეს. ბრაზილიის პირველი პირის განცხადებას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა ბრაზილიის პრეზიდენტის ძალისხმევას რუსული აგრესიის შეჩერების მიზნით გამოსავლის პოვნაში, აფასებს. თუმცა, მკაფიოდ აღნიშნავს, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიებით არ ვაჭრობს. უწყება ხაზს უსვამს, რომ არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი, პოლიტიკური ან მორალური მიზეზი, რის გამოც უკრაინამ საკუთარი თუნდაც ერთი სანტიმეტრი ტერიტორია უნდა დათმოს.