გიორგი შერმადინმა და ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პირველი თამაში მოიგეს. ქართველმა ცენტრმა მანრესასთან 1/4-ფინალის პირველ დაპირისპირებაში, რომელიც ტენერიფეში გაიმართა, 18 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა და მატჩის MVP გახდა.
გიორგიმ მოედანზე 29:16 წუთი გაატარა, 9-იდან 7 ორქულიანი და 6-იდან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინმა ბურთი საკუთარ ფარზე 5-ჯერ მოხსნა, ერთხელ - შეტევაში. მის ანგარიშზე ასევე 1 ჩაჭრა, 4 ფოლი და 2 დაკარგვა იყო. შერმადინს მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 ჰქონდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ტენერიფემ დიდ შესვენებამდე შეძლო ანგარიშში წინ გასვლა, რის შემდეგაც თამაშის სადავეები ხელიდან საფინალო სირენამდე აღარ გაუშვა.
ამ გუნდების მეორე დაპირისპირება 12 აპრილს, ამჯერად მანრესას არენაზე გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში, ტენერიფე 1/2-ფინალში გავა. შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი და მისი გუნდი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან.