იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, "ნაპოლისა" და მის კონკურენტებს შორის სატურნირო ვითარებაში არსებული უფსკრული აღმოიფხვრას. ლუჩანო სპალეტისა და ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი "ლეჩეს" დღეს, 7 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე ესტუმრება. აღდგომის დღესასწაულის გამო სერია "ა"-ს მატჩები კვირამდე ჩატარდება.
ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს "მილანთან" (0:4) მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია ესაჭიროებათ, თავის მხრივ კი "ლეჩე" კატასტროფულ ფორმაშია, უკანასკნელ 5 შეხვედრაში გოლის გატანის გარეშე დამარცხდა. გასავარდნ ზონაში მყოფ "ვერონას" ეს გუნდი 8 ქულით აღემატება და საქმე საგანგაშოდ მაინც არ აქვს.
ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში "ნაპოლიმ" ქულები დაკარგა (1:1) და სეზონში ასე იშვიათი ფრე ითამაშა. ეს ის დროა, როცა სპალეტი როტაციას აქტიურად მიმართავდა. კვარაცხელია მინდორზე 56-ე წუთზე შევიდა, ნეაპოლელებიდან ერთადერთი გოლი კი მანამდე მის ნაცვლად მოთამაშე ელმასმა გაიტანა. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.