„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით 7-9 მარტის აქციებისას დაზარალებული ზაზა ბიღიაშვილის საქმეზე დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართეს, რომლის დასკვნაც რამდენიმე დღეში ექნებათ.
მისივე თქმით, ზაზა ბიღიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი შრომისუნარიანობა მკვეთრად არის შეზღუდული.
„ზაზა ბიღიაშვილი 7 მარტს, აქციაზე ჯანსაღი მივიდა, თუმცა ისე დაბრუნდა, რომ მარჯვენა თვალზე მხედველობა სრულიად არ აქვს. ამ ეტაპისთვის ჩვენ მას, როგორც სამართლებრივ დახმარებას ვუწევთ, ასევე, შევეცადეთ პროცესში GCRT-თან (ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი) ერთად ჩავრთულიყავით, რათა დაზარალებულისთვის დახმარება გაგვეწია. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს. ერთი მხრივ, გამოძიება მათ შორის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო და ზაზა ბიღიაშვილ დაკითხა, თუმცა მნიშვნელოვანია, ვნახოთ, რეალურად, რა მოხდა, რატომ დაუზიანდა თვალი. ასევე, როგორც ჩვენ, ისე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზას, თუმცა ექსპერტიზის ჩატარებისთვის საკმაოდ დიდ დროს ითხოვენ. დაასახელეს 365 დღე იმისათვის, რომ ექსპერტიზა ჩატარდეს, ამიტომაც მივმართეთ ალტერნატიულ ექსპერტიზას - დამოუკიდებელ ექსპერტს, რათა დასკვნა უფრო მალე გვქონდეს.
ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველადი და საბოლოო ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გვექნება. პირველადი შეფასებით, ასე რომ ვთქვათ, მისი დაზიანების ხარისხი მძიმეა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზაზა ბიღიაშვილის შრომისუნარიანობა მკვეთრად შეიზღუდა. ამიტომ, აქ სახელმწიფო მხრიდან ბრალეულობა იკვეთება, თუმცა ჩვენ ამ ეტაპამდე არ გვინახავს სახელმწიფო თანამდებობების პირების ან შესაბამისი უწყების მხრიდან დაინტერესება მასთან დაკავშირებით. ჩვენ, „სამართლიანი არჩევნები“ და GCRT რა თქმა უნდა, შევეცდებით დავიცვათ მისი უფლებები, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით. მთავარია ვნახოთ, რა იქნება საბოლოო დასკვნა, ასევე, რა იქნება დაზარალებულის სურვილი, როგორ გავაგრძელებთ სამართალწარმოებას“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.
რაც შეეხება დაზარალებულს, ზაზა ბიღიაშვილმა აქციაზე მომხდარ იმ შემთხვევაზე საუბრისას, როცა თვალი დაუზიანდა, აღნიშნა, რომ კაფსულა, რომელიც თვალში მოხვდა, სპეცრაზმიდან ისროლეს. „ფაქტია, რომ გვერდულად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მხარეს ვიდექი და ზევიდან, სპეცრაზმის უკნიდან ისროლეს. გასროლა და მოხვედრა ერთი იყო. როცა ჩავიმუხლე, მას შემდეგ 3-4 გასროლა კიდევ იყო. მერე წამიყვანეს, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვეს და საავადმყოფოში წამიყვანეს“,- განაცხადა ზაზა ბიღიაშვილმა. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ თვალი შესაძლოა, აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი კაფსულით დაუზიანდა. „გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ აქციის მონაწილეები ჩემგან, ზურგს უკან იყვნენ და მე გვერდულად ვიდექი. სპეცრაზმის მხრიდან იყო ნასროლი“, - აღნიშნა მან.