"ბიძინა ივანიშვილმა ''მიაღწია'' იმას, რომ გირგვლიანის მოსამართლის გამო განაჩენი ამერიკამ მას და ''ოცნებას'' გამოუტანა" - ასე ეხმაურება პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.
მისი თქმით, დროა, ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს თავისი პერსონალური პასუხისმგებლობა!
"ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. დროა, ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!
ახლა მთავარია, ქვეყნის ევროპული მომავალი არ დაზიანდეს" , - წერს გახარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს თავიანთი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.