ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, Game of Thrones-ის სამყაროზე HBO კიდევ ერთი სერიალის გადაღებას გეგმავს. სერიალის სიუჟეტი იმ პერიოდს ეხება, როცა ეიგონ ტარგარიენმა ვესტეროსი დაიპყრო. მართალია, HBO-ს ახალი პროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა და ჯერჯერობით არც სცენარისტისა და არც მსახიობების ძიებაა დაწყებული, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ახალი შოუ Warner Bros.-თან პარტნიორობით გადაიღონ.
შოუ იმ პერიოდის შესახებ მოგვითხრობს, როცა ეიგონმა და მისმა დებმა 3 დრაკონისა და არმიის მეშვეობით ვესტეროსის 7 სამეფოდან 6 დაიპყრეს (გარდა დორნისა). ეიგონი I ვესტეროსის პირველი მეფე და ტარგარიენთა დინასტიის დამაარსებელი გახდა. ასევე, ის პირველი მეფე იყო, რომელსაც რკინის ტახტი ერგო. ეს მოვლენები Game of Thrones-ის სიუჟეტამდე 300 წლით ადრე მოხდა და HBO-ს ახალი შოუც სწორედ ამის შესახებ იქნება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სამეფო კარის თამაშების სამყაროზე გადაღებული სერიალი House of the Dragon გამოვიდა. HBO-ს განცხადებით, House of the Dragon-ის პრემიერამ ნახვების რაოდენობით რეკორდი დაამყარა და ბოლო პერიოდის ერთ-ერთ წარმატებულ სერიალადაც იქცა. House of the Dragon-ში მიმდინარე მოვლენები სამეფო კარის თამაშებში ასახულ ისტორიამდე 200 წლით ადრე მოხდა. სატელევიზიო შოუს კვლავ ჯ.რ.რ. მარტინის წიგნების სერიის Fire And Blood-ის მიხედვით იღებენ.
რაც შეეხება, ეიგონ დამპყრობლის შესახებ შოუს, ჯერ არც პრემიერის და არც გადაღებების ზუსტი თარიღია ცნობილი. თუმცა ამ შოუს დამტკიცების შემთხვევაში, სამეფო კარის თამაშების მაყურებლებს წინ კიდევ ერთი საინტერესო სერიალი ელით.