ჩინეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიის გარშემო მნიშვნელოვანი სიახლეებია. Alibaba-ს $270-მილიარდიანი ჰოლდინგი 6 დამოუკიდებელ ნაწილად იშლება. ჰოლდინგიდან გამოყოფილი კომპანიები საფონდო ბირჟაზე ცალ-ცალკე დაილისტებიან, მათ კი დამოუკიდებელი მენეჯმენტი, აღმასრულებელი ხელმძღვანელები და დირექტორთა საბჭო ეყოლებათ. თავად Alibaba მხოლოდ მშობელი კომპანიის სიმბოლურ ფუნქციას შეასრულებს და მას ისევ დანიელ ჟანგი გაუძღვება.
ექსპერტების შეფასებით, Alibaba ამერიკული Alphabet-ის მსგავსი ჰოლდინგი გახდება. 2020 წელს Alibaba-ს კაპიტალიზაცია $840 მილიარდს შეადგენდა, თუმცა მას შემდეგ კომპანიის აქციების ღირებულება თითქმის 70%-ით დაეცა.
Alibaba-ს დაღმასვლა მის დამფუძნებელს, ჯეკ მას უკავშირდება, რომელიც ამჟამად პოლიტიკური დევნილია. ჯეკ მა ჩინეთის უმდიდრესი ბიზნესმენი იყო და მისი ქონება $60 მილიარდს აღწევდა, თუმცა მმართველ კომუნისტურ მთავრობასთან საჯაროდ დაპირისპირების შემდეგ, ის მწვავე პოლიტიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა. ამჟამად ჩინელი მეწარმე უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 55-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული და მისი ქონება 25 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ექსპერტების შეფასებით, Alibaba-ს დაშლაც სწორედ ჩინეთის მთავრობის დაჟინებული მოთხოვნითაა განპირობებული, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტების მიმართა განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა.