უკრაინაში 15 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ, რომლებსაც ჩერნიგოვის ოლქში, იაგოდნოეს სკოლის სარდაფში 368 ადამიანი თითქმის ერთი თვე ჰყავდათ დაკავებული.
გენერალური პროკურატურის ცნობით, 15 რუს სამხედრო მოსამსახურეს ბრალი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის წაუყენეს.
„რუსეთის ფედერაციის 15 სამხედრო მოსამსახურეს ჩერნიგოვის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის გაასამართლებენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში, ჩერნიგოვის ოლქის ოკუპირებულ სოფელ იაგოდნოეში, რუსეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღებულმა სამხედოებმა სკოლის სარდაფში თავისუფლება აღუკვეთეს და იძულებით დააკავეს, „ცოცხალ ფარად“ გამოყენების მიზნით, 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.