სასამართლომ რეჟისორის ასისტენტი დეივ ჰოლსი ცეცხლსასროლი იარაღის გაუფრთხილებლობით მოპყრობის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
ჰოლსი ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე იარაღზე იყო პასუხისმგებელი. პროკურატურა იარაღის სპეციალისტისთვის პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლემ ბრალდებულს 6-თვიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა ჰოლსს დაეკისრა $500-იანი ჯარიმა, 24-საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოები, ასევე ვალდებულია ითანამშრომლოს პროკურატურასთან და სასამართლოსთან, გაიაროს იარაღის უსაფრთხოების 60-დღიანი კურსები.
დევიდ ჰოლსი Rust-ის საქმეზე პირველი ბრალდებულია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ერთ-ერთი ბრალდებული მსახიობი ალეკ ბოლდუინიც არის, რომლის გასროლას ოპერატორის სიკვდილი მოჰყვა.
შეგახსენებთ,2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.
იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.
2022 წლის აპრილში ნიუ-მექსიკოს შტატმა Rust-ის პროდიუსერებს $136 793-ის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ბოლდუინის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული, მთავარი ბრალმდებლები ჰატჩინსის დედა და და არიან. ოპერატორის ქმარმა მსახიობს სასამართლოში არ უჩივლა.
2023 წლის თებერვალში ალეკ ბოლდუინს დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.