აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც მას სასამართლოში ბრალს წაუყენებენ. ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.
30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ. მისივე განცხადებით, დენიელმა ტრამპისგან თანხა 2016 წლის საპრეზიტენტო არჩევნების წინ გაჩუმების სანაცვლოდ მიიღო.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ტრამპმა დენიელსს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ნიუ-იორკის შტატში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.