თუ გამოძიებას ექნება მყარი მტკიცებულები და თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, რომ ორგანიზატორებზეც გავიდეს გამოძიება, დიახ, უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 7-8 მარტის აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კიდევ უფრო მეტადაა დამნაშავე ის, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებაში ბრალდებულ ადამიანს იცავს და ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.
„ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა. ძალიან უცნაურია, როგორ შეიძლება ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა პოლიტიკური კონტექსტი იყოს ამ ყველაფრის უკან, რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესები ჰქონდეს, გაამართლოს და მხარი დაუჭიროს ადამიანს, რომელიც ბრალდებულია პოლიციელის მიმართ ძალადობაში და მისი ცოცხლად დაწვის მცდელობაში - ცდილობდა, ამაში ედება ყოველ შემთხვევაში ბრალი, პოლიციელი დაეწვა ცოცხლად. გამოჩნდნენ ადამიანი, რომლებიც მას მხარს უჭერენ. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, მას არ სჯერა გავრცელებული ინფორმაციის, რომ ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს პენიტენციურ დაწესებულებაში თავი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.
„მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში რაიმე ხდებოდეს იძულებით, არა თუ თავის გადაპარსვა თუ შეკრეჭა, არამედ ნებისმიერი სახის რაიმე ქმედება, თუ ეს პატიმარს არ სურს, მიმაჩნია წარმოუდგენლად და გამორიცხულად, მაგრამ ამასთან დაშვრებით დეტალები იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივაა და გაახმოვანებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ბრალდებულის ვიზუალზე ყურადღებას ისინი ამახვილებენ, ვისაც თემის გადაფარვა უნდა.
„არავის აინტერესებს არცერთი ადამიანის არც ვიზუალი და არც სექსუალური ორიენტაცია, ეს არის მათ მიერ თემის გადაფარვისთვის წამოსროლილი სიტყვები“, - აცხადებს მდინარაძე.