საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გივი მიქანაძეს, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პაატა კვიჟინაძის კანდიდატურას წარუდგენს.
ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ორივე კანდიდატურას.
„თქვენ იცით, რომ 2 ვაკანტური თანამდებობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც განათლებისა და საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეები აღარ არიან. ერთი განათლების მინისტრია და მეორე გავიდა პარლამენტიდან. საპარლამენტო უმრავლესობამ იმსჯელა და ხვალ პარლამენტის წინაშე ასარჩევად განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ წარმოდგენილი იქნება გივი მიქანაძე, რომელიც აქამდე იკავებდა ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ, პაატა კვიჟინაძე. ორივე მათგანს ვუსურვებ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, ხვალ პარლამენტი აირჩევს ორივე მათგანს შესაბამის თანამდებობებზე“,- განაცხადა მდინარაძემ.