საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ 2022 წლის ანგარიშსში წერია რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა და რიგი მიმართულებით მნიშვნელოვანად გაუარესდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლავ გამოწვევად რჩება პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება. პოლიტიკური ნიშნით ხასიათდება ნიკა გვარამიას და ასევე, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე გამოძიება. უარყოფით მოვლენებს შორისაა დასახელებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნა. ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და შემდგომ მისი ინიცირება. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო უწყებებმა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების მხოლოდ 12 პროცენტი შეასრულეს. ნახევარზე მეტი კი შეუსრულებელი დარჩა. ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ 2022 წლის ანგარიში ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობის დროს მომზადდა და დოკუმენტში მას შესწორება არ შეუტანია.