ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოს და ლიეტუვის ჰიმნები. საქართველოს პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედას თანმხლები დელეგაციის წევრები წარუდგინა.
საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.
ამასთან, მათივე ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: „ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ლიეტუვაში კვლავ ჩამოსვლა. ეს ოფიციალური ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღრმა მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენს ორ დიდ ერს ერთმანეთთან აკავშირებს. მსურს, ქართველი ხალხის სახელით, გულითადი მადლიერება გამოვხატო ლიეტუვას მიმართ საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერისათვის და იმედს გამოვთქვამ, რომ კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება ჩვენი ძლიერი პარტნიორობა“.