ლონდონის ჩელსიდან გრემ პოტერი დაითხოვეს. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ამის მიზეზი წარუმატებელი შედეგებია, ლონდონელთა ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა კი პრემიერლიგის ბოლო ტურში ასტონ ვილასთან წაგების შემდეგ აივსო. შედეგად, პოტერის მოღვაწეობა სტემფორდ ბრიჯზე 7 თვეში დასრულდა.
მოგეხსენებათ, ინგლისელმა სპეციალისტმა სექტემბერში თომას ტუხელი შეცვალა, მაგრამ დამაკმაყოფილებელ შედეგებს ვერ მიაღწია. ცნობისთვის, ჩელსი პრემიერლიგაში მე-11 ადგილზეა და ოთხეულთან დიდი ჩამორჩენა აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.
ჩელსი იტყობინება, გუნდში ახალი მწვრთნელის მოსვლამდე, დროებით მთავარ მწვრთნელად ბრუნო სალტორი იმუშავებს.