სერია A-ს 28-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მილანთან“ ანგარიშით 0:4 განადგურდა.
თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო. ერთ-ერთ მომენტში კვარაცხელიამ კრუნიჩი და სხვა მეურვეები ლამაზი ფინტებით ჩამოიცილა, მაგრამ ქართველმა ვერ გაიტანა, სამაგიეროდ სწრაფი კონტრიერიშისას ლეაომ სტუმრები დააწინაურა. შემდეგ ბრაჰიმ დიასმა დალაშქრა მერეტის კარი და „როსონერი“ ორი გოლით გავიდა წინ. მილანელებს ზონები გადაკეტილი ჰქონდათ, ნეაპოლელები ხიფათის შექმნას თითქმის ვერ ახერხებდნენ და პირველი ტაიმი ანგარიშით 0:2 წააგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში პიოლის შეგირდებმა „ნაპოლის“ მაღალი პრესინგი შესთავაზეს, დაცვაში კომპაქტურად მოქმედებდნენ, ხვიჩას ბურთის მისაღებად ღრმად უკან ჩასვლა უწევდა, ხოლო ოსიმენის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში დაყენებული სიმეონე პასიური იყო.
„ნაპოლი“ სრულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ლეაომ მორიგი კონტრიერიშისას დუბლი შეასრულა, რასაც უკვე სალემაკერსის გოლი დაემატა და აშკარად უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ 71 ქულით ცხრილის ლიდერია და 7 აპრილს გასვლაზე „ლეჩეს“, ხოლო 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება.