კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის შედეგები ევროპელ ექსპერტებთან ერთად წარადგინა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების ოფისის („AA Facility“), ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ტელეკომ სექტორის წარმომდგენლები ესწრებოდნენ.
კვლევის პირველი ეტაპის ფარგლებში, ექსპერტებმა მობილური და ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურებების საცალო და საბითუმო ბაზრების შესწავლა დაასრულეს და დაადგინეს, რომ ეფექტიანი კონკურენციისთვის კონკრეტულ ბაზრებზე წინასწარი რეგულირების საჭიროება არსებობს.
ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პროექტის შემდგომ ეტაპზე ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნის, მცირე და საშუალო ოპერატორების განვითარებისა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი მომსახურებების ხელმისაწვდომობის მიზნით, შესაბამისი რეგულაციები შემუშავდება.